Anka Gujabidze

თინა შაბურიშვილი: ანკა, შენი ვებგვერდის თანმიმდევრულად თვალიერებისას ადგილობრივ ფოტოპროექტებში ასახული (კაზრეთი, რუსთავი, ფოთი) ურბანული ლანდშაფტების და ქართული სინამდვილის შემდეგ, ძალიან საინტერესო იყო ფოტოსერიაში „შუადღე ოსტენდში“ ასახული ევროპული სანაპიროს კონტრასტი. ეს ის დროა, როდესაც ბელგიაში სწავლობდი.

ანკა  გუჯაბიძე: ოსტენდი 2011-ში გადავიღე, როდესაც ბელგიაში, გენტში ფოტოგრაფიას ვსწავლობდი. ოსტენდი გენტიდან მატარებლით ნახევარი საათის სავალ მანძილზეა. ამ სერიაში ყველაზე მეტად, ალბათ, იკვეთება ემიგრანტისთვის დამახასიათებელი დისტანცია, რომელიც ევროპაში ან ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ჩნდება… დისტანცია სივრცის და ადამიანების მიმართ, გაუცხოების მომენტი, როდესაც საკუთარ თავს ვერ პოულობ… ეს ყველა ემიგრანტისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ერთი წელი მაინც გჭირდება, რომ ადაპტაცია გაიარო და დაუახლოვდე გარემოს. თუმცა ფოტოებში ჩემი პერსონალური დამოკიდებულება არ მინდოდა წარმომეჩინა. მინდოდა, ერთმანეთის მიმართ თვითონ ამ ადამიანების დისტანცია გადმომეცა.

თინა: სწორედ ეს იგრძნობა, განცალკევებულობა.

ანკა: ვიცით, რომ ქართული კულტურა ჰიპერსოციალური და მჭიდროა. ჩვენგან განსხვავებით, ბელგიელებს ერთმანეთთან მკვეთრი საზღვრები აქვთ მონიშნული. ეს, გარკვეულწილად,  კომფორტულია. ალბათ, ამიტომაც მინდოდა წასვლა საზღვარგარეთ: საქართველოში ხალხი მიჩვეულია რომ ‘ჭკუა დაგარიგოს’ და ბრძენი იყოს შენს საქმეში. თუმცა ამ ყველაფრის მეორე, ნეგატიური მხარე, ალბათ, ის არის, რომ იმ კულტურული ფონიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, დასავლეთში ძალიან მარტო გრძნობ თავს და ცოტა გიჭირს ამ იზოლაციასთან გამკლავება.

თინა: ევროპაში პრივატულ სივრცეს ცოტა სხვა დინამიკა აქვს.

ანკა: სხვისი პირადი სივრცე და, ამასთანავე, ის კონფლიქტი, რომ ეს სივრცე უნდა გაითვალისწინო, ყოველთვის იგრძნობა. საქართველოში ურთიერთობებში ინტიმურობის ყველანაირი საზღვარი მორღვეულია და პირადი სივრცის არქონა ძალიან უტრირებულია. ოსტენდში უტრირებული ეს „საზღვრები“ და „კედლებია“. მე სწორედ ეს მაინტერესებდა. მგონია, რომ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია რაღაც დონეზე დაკარგული აქვთ. ადამიანები, ვინც გავიცანი და დავუმეგობრდი, ყველა თავისებური სიმარტოვის მატარებელი იყო. ცხადია, ეს ყველა ადამიანშია, მაგრამ ოსტენდის სანაპირო სწორედ ადამიანების ამ მდგომარეობის და კულტურის ვიზუალიზაცია იყო ჩემთვის. სხვა მხრივ, ოსტენდის სანაპირო ძალიან ლამაზი და ექსპრესიულია.

თინა: 2014-15 წლებში ქართველ ტრანსგენდერს, ბიანკას დაყვებოდი და მის ყოველდღიურ ცხოვრებას იღებდი. მინდოდა ამაზეც გველაპარაკა.

ანკა: ტრანსგენდერი ადამიანის გადაღების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ქართველი ტრანსგენდერი საბი ბერიანი მოკლეს, მკვლელს კი 2 თუ 6 წელი მიუსაჯეს. შემაძრწუნებელი იყო, რასაც ხალხი სოციალური ქსელების კომენტარებში წერდა — რომ „ასეთი ადამინები არ უნდა არსებობდნენ“, მკვლელი „საქართველოს დემონებისგან წმენდდა“.. წარმოუდგენელად ანტაგონისტური ტექსტები მხვდებოდა… იმხელა ზიზღი იყო ამ ადამიანის მიმართ, რომ დავფიქრდი, რას ნიშნავს ტრანსგენდერი ადამიანისთვის საქართველოში ცხოვრება, ქუჩაში გადიხარ და, უბრალოდ, შეურაცხგყოფენ. ეს დამოკიდებულება ბიანკასთან მუშაობის პროცესშიც გამომჟღავნდა. ბიანკას საკმაოდ გამომწვევად ეცვა. მესმის, რომ ქუჩაში ასეთი ჩაცმული ადვილად იპყრობ ყურადღებას, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს აგრესიის გამოხატვის ზღვარი? ხომ უნდა არსებობდეს კანონი, რომ ვიღაცას ფიზიკურად თუ ავნებ — დაისჯები. გასაგებია, რომ შეიძლება ეს ვიღაცის რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ თავი უნდა შეიკავონ. „ბიანკას“ პროექტს კარგი გამოხმაურება მოყვა. გაამართლა იმ იდეამ, რისი ჩვენებაც მინდოდა — რომ მსგავს დამოკიდებულებას არავინ იმსახურებს.

თინა: რა მოხდა ბიანკას სიკვდილთან დაკავშირებით? ბიანკაც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა…

ანკა: ბიანკა გაზით მოიწამლა. ექსპერტიზის ყველა ფაქტი მოწმობდა, რომ ის შიგნიდან გამოკეტილ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად გაიგუდა, მაგრამ აქ კიდევ სხვა სოციალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს ადამიანები ვერ შოულობენ სამსახურს. ხშირად უწევთ სხეულით ვაჭრობა და დამთრგუნველ პირობებში ცხოვრება. მაგალითად, ბიანკას საცხოვრებელი სივრცის ქირაობის პრობლემა ჰქონდა: სახლს ან არ აძლევდნენ ან სისტემატიურად აგდებდნენ. მეზობლები ჩიოდნენ, ამიტომ  სახლიდან სახლში უწევდა გადასვლა. რეალურად ბიანკა არჩენდა მთელ თავის ოჯახს: ალკოჰოლიკ მამას, თინეიჯერ დას, ბებიას… დედასთან კონტაქტი არ ჰქონია, რასაც ძალიან განიცდიდა. შეიძლება ბიანკა ფიზიკურად არ მოუკლავთ, მაგრამ რეალურად გარემომ მოკლა; გარემომ, რომელიც არ იღებდა მას არამხოლოდ „ჩემს ზღურბლს მიღმა“, არამედ სადარბაზოში, ეზოში, ქუჩაში. ადამიანებს საერთოდ არ უნდათ ტრანსგენდერების დანახვა. ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა, საიდანაც გამოაგდეს. ზიზღის გარდა დასაქმების პრობლემაც არის. საქართველოში ყველა ტრანსგენდერ ადამიანზე წარმოუდგენელი აგრესია ხორციელდება. ახლა ლგბტ+ თემა ძალიან აქტუალურია საქართველოში, თუმცა ხალხი ამ სიტყვას დამაკნინებლად იყენებს. ეს ყველაფერი რასაკვირველია უნდა შეიცვალოს. საქართველო ჯერ შეგუების პროცესშია, დაახლოებით ეს ვერსიაა: „გავიგეთ, რომ გეები, ლესბები და ტრანსები არსებობენ, თანაც აქ, ჩვენთან საქართველოში“. როდესაც სააგენტო „Error Image“-ის ვებსაიტზე დავდეთ ბიანკას პროექტი, ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა ის და ჩაერთნენ პოლემიკაში. საბოლოო ჯამში, უმეტესობა წერდა, რომ ჩაქოლვა, მოკვლა და შეურაცხყოფა არ შეიძლება, რომ ისინი ადამიანები არიან. ამ პროექტის მიზანი სწორედ ცნობიერების ამაღლება და დიალოგისთვის ადამიანების განწყობა იყო. საქართველოში უამრავი სოციალური პრობლემაა, რომელსაც ყურადღებას სამწუხაროდ არავინ აქცევს და ამ პრობლემების გადაფარვა ხშირად მოწყვლადი ჯგუფის დემონიზირებით ხორციელდება.

თინა: შენი პერსონალური ვებსაიტის გარდა, არსებობს თუ არა შესაბამისი ადგილობრივი პლატფორმები, სადაც შეიძლება, რომ შენმა დოკუმენტურმა ფოტოებმა, რომლებშიც ხშირად სოციალურ პრობლემებს აშუქებ, ყურადღება მიიქციოს?

ანკა: ეს ძალიან პრობლემურია საქართველოში. „ბიანკა“ აბსოლუტურად ენთუზიაზმით გავაკეთე. ამას მოყვა Coda Story-სთვის გადაღებული მორიგი მულტიმედია პროექტი ქართველ ტრანსგენდერზე. Coda Story ონლაინ პალტფორმაა, რომელსაც ძალიან კარგი ჟურნალისტები ჰყავს. როდესაც ასეთ თემებს აშუქებ, გამოხმაურება მხოლოდ ფეისბუქით შემოიფარგლება. ის, რომ ვიღაც დაინტერესდეს და მწვავე თემები წამოწიოს, არ ხდება. საქართველოში პუბლიკაციების ნაკლებობაა. ჩემმა მეგობარმა ფოტოგრაფმა თაკო რობაქიძემ რუსეთის მცოცავ საზღვარზე/ოკუპაციაზე პროექტი გააკეთა. ამით მაგნუმის ფონდი დაინტერესდა. დღეს დოკუმენტური ფოტოგრაფია სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. თუმცა საქართველოში ყველაფერი სეგრეგირებულია, დაინტერესებული მხოლოდ მცირე, კონკრეტული ჯგუფები არიან.

თინა: რამდენად აღწევს საქართველოს პერიფერიებამდე ის თემები, რაზეც ქართველი დოკუმენტალისტები მუშაობენ? რამდენად გვაინტერესებს და ვფიქრობთ ამ თემების გატანას ცენტრიდან სხვა დაბებში/ქალაქებში?

ანკა: აუცილებლად გასატანია და ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ფული სხვა რამეში უფრო იხარჯება და არა პროექტების, მაგალითად, ტყიბულში ჩატანაზე. საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების ფონზე, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფია ნაკლებად აინტერესებს ვინმეს. ამ ქვეყანაში ძალიან უაზროდ ფლანგავენ ფულს. თბილისი კი მაინც ერთი დიდი გეტოა.

თბილისი, აპრილი 2018